,,პოეტს ყველაფერი მეტად ახლოს მიაქვს გულთან" - თორნიკე ჩხიკვაძე

,,პოეტს ყველაფერი მეტად ახლოს მიაქვს გულთან" - თორნიკე ჩხიკვაძე
პოეტი თორნიკე ჩხიკვაძე საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოვების ცერემონია პერსონა 2021 -ის ტიტულს, შემოქმედებითი განვითარებისთვის მიიღებს. თორნიკე რამდენიმე წიგნის თანაავტორია.

გაიხსენეთ პირველი ლექსი, რომლითაც ფართო საზოგადოებამ გაგიცნო.

- მკითხველთა ინდივიდუალურობის მიხედვით ყოველი ლექსი სხვადასხვაგვარად ფასდება, რაც ბუნებრივია. რა თქმა უნდა არის ისეთი ლექსები, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, მეტად ახლოს მიაქვთ, გამოხმაურებაც მეტი აქვს. . . ერთ - ერთი ასეთი ლექსი, რომელიც თავდაპირველად მეტი ყურადღების ქვეშ მოექცა ახლა გაგიზიარებთ:

გავუძელი ოცდაექვსს, ალბათ მეტსაც გავუძლებ,
მობეზრებულ სამყაროს კვლავ როგორმე ავიტან.
არავისთან ვწუხვარ მე, დარდს არავის ვაუწყებ
და ზოგიერთ შეცდომებს ჩავიდენდი თავიდან.

ირგვლივ ისევ სიყალბე და ღალატის ფერები,
ოქრო - ვერცხლის მონები ჩემს გარშემო ბევრია.
იფერფლება დღეები, ვით ასანთის ღერები,
საითაც გავიხედე ბოროტება ერია.

საით მივალ არ ვიცი, მივუყვები ბილიკებს,
ნიღბიანი ბევრია, არის დროის ცვალება.
დანას ჩამცემს ზურგიდან, ვიღაც გამაქილიკებს,
მე კი არ მეტკინება, მხოლოდ შემებრალება.

ჩემი მძიმე ფიქრებით, ამდაგვარად ღამდება,
ნეტავ როდის იქნება, როდის დამიამდება. . .





ვინ არის შენი მუზა, როდესაც წერ?

- ჩვენი ხასიათი ცვალებადია, რაც დამოკიდებულია იმაზე თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ. განსხვავდებიან გრძნობებიც, გვეფიქრება მაშინაც, როდესაც არ გვინდა, ძალიან ბევრი რამ განსაზღვრავს იმას, თუ ახლა რას დაწერ, შესაბამისად მუზა შეიძლება იყოს: სამშობლო, სიყვარული, ტკივილი და სხვა უამრავი. . .


რთულია პოეტის ცხოვრება?
- რა თქმა უნდა მეტად რთულია, პოეტს (და ზოგადად ხელოვან ადამიანს) ყველაფერი მეტად ახლოს მიაქვს გულთან, სულ სხვანაირად გრძნობს, განიცდის, მისთვის სრულიად უცხო ადამიანის გასაჭირსაც
თვლის საკუთრად. ხშირად არ ფასდებიან სიცოცხლეში, ჩვენ კარგად ვიცით თუ როგორ ავიწროვებდნენ, დევნიდნენ მათ არამცთუ გვერდში დასდგომოდნენ, მაგრამ ხელოვანი ადამიანისთვის განსხვავებულია ღირებულებებიც, სხვა თვალით უყურებს სამყაროს და მისი გამარჯვებაც სხვაფერია. . .





ადამიანი როცა იბადება, პოეტიც იბადება მასთან ერთად, თუ ეს მერე მოდის?
შენს შემთხვევაში როგორ იყო?


- როგორც სოკრატე ამბობდა: ,,ყველა ადამიანში მზეა, ოღონდ აცადეთ, რომ ანათოს’’ - ყველა თავისი შესაძლებლობით არის დაჯილდოვებული, რასაც ხელშეწყობა და მუდმივ შრომა ესაჭიროება პიროვნების განვითარებისთვის. შეიძლება ადამიანმა თავიდან თვითონაც არ იცოდეს თუ რა შეუძლია და შემდგომ იჩინოს თავი ყველაფერმა. . .



როგორც ვიცი ბიზნესის ადმინისტრირებაზე სწავლობდი, ამ პროფესიაში ვერ იპოვე საკუთარი თავი? დღეს ფილოლოგიაზე სწავლობ.


- დიახ, სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე უმაღლეს სასწავლებელში, მესამე კურსამდე ვსწავლობდი ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე, როგორც აღმოჩნდა ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო, ყოველთვის ჰუმანიტარული საგნები უფრო მიზიდავდა. ჩემი სფეროდან გამომდინარე გადავწყვიტე ქართულ ფილოლოგიაზე სწავლა, დღეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ.




ვინ იყო შენი გზამკვლევი ლიტერატურაში, ასევე რომელი ავტორების პოეზიამ იქონია გავლენა?


- ბავშვობაში დედა ყოველთვის წიგნიერებისკენ მიბიძგებდა და იმ დროიდან მოყოლებული დღემდე ჩემი სწავლის აქტიური მხარდამჭერია. პოეზიის კითხვა მუდამ შვებას მგვრიდა და დღესაც ასეა, სხვა სამყაროში გავყავარ, თითქოს ავტორების გვერდითაც ვმდგარვარ და გვისაუბრია. უდიდესი ემოციების ქვეშ ვიყავი, როდესაც ვკითხულობდი შექსპირს, ახლაც მისი კითხვის დროს ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ, თუნდაც უკვე წაკითხულისას. ქართველებიდან გამორჩეულად ტერენტი გრანელი მოდის ახლოს მისი ,,ცრემლით დასველებული’’ ლექსებით, გვყავს არაერთი გენიალური პოეტი, ძალიან მიყვარს გალაკტიონი, ვაჟა - ფშაველა, რა თქმა უნდა ჩამონათვალი გაგრძელებადია. . .


როგორია თორნიკე ჩხიკვაძის საქართველო?


- გული მწყდება, რომ ასეთ დანაწევრებულს ვხედავ. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ურთიერთობა ნაკლებია ადამიანებს შორის, თუმცა ჩვენი სამშობლო ბევრად უფრო მძიმე პრობლემების წინაშე მდგარა და გადაუჭრია რთული ამოცანები, მჯერა რომ ისევ გაიმარჯვებს საქართველო. . .


რომ არა პოეტი ვინ იქნებოდი?


- ვერ ვხედავ ისეთ ადგილს, სადაც უკეთესად ვიქნებოდი, ვიდრე პოეზიაში.



რისი სურნელი აქვს შენს შემოქმედებას?


თითოეულ ლექსს თავისი სურნელი აქვს, თუმცა ერთიანობაში სიმართლის სურნელს შევადარებდი, რადგან ყოველი სტრიქონი, ყოველი სიტყვა გულის კარნახით იწერება, განცდილისა და ნამდვილი ემოციების ფონზე.
კომენტარები