,,ვნატრობდი,გვერდით თუნდაც ერთი ადამიანი(ქართველი) მყოლოდა ისეთი, ვისთანაც ცრემლებს მაინც დავღვრიდი"

,,ვნატრობდი,გვერდით თუნდაც ერთი ადამიანი(ქართველი) მყოლოდა ისეთი, ვისთანაც ცრემლებს მაინც დავღვრიდი"
დღევანდელ ინტერვიუში ემიგრანტ პოეტს ირლანდიიდან, გიული ჩქარეულს გაგაცნოთ, მისი ლექსები დაგაფიქრებთ, როგორც ამბობს მისი ლექსები ემოციის დროს იწერება. დაარსა ლიტერატურული სალონი ,,ნოსტალგია“ სადაც პოეზიის საღამოები ხშირად იმართება

როდის გაჩნდა პირველი მუზა?

- წერა ლექსებით არდამიწყია. სკოლის პერიოდში, ექსკურსიებზე ყოფნის დროს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, ირაკლი ჩქარეული და ომარ ლურსმანაშვილი მთხოვდნენ ყოველთვის დამეწერა და მახატვრულად გამეფორმა ნანახი.ასე იბადებოდნენ დიდ პატარა ჩანახატები. მეცხრე კლასში,ბატონმა ომარ ლურსმანაშვილმა მთხოვა,ლექსად დამეწერა ვინ იყო ჩემი საყვარელი პოეტი. ასე დაიწერა პირველი ლექსი დიდ ვაჟაზე. ლექსი ისეთივე ფორმით შემოვინახე, როგორც დაიწერა. თუმცა რამდენჯერმე ვცადე ჩამესწორებინა, მაგრამ იმდენად ბავშვური და გულწრფელია, რომ დამენანა ჩარევა.
- რამდენად უყვართ უცხოეთში ქართული პოეზია?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, პირადად ჩემთვის ცოტა რთულია. იმ ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობ, ქართული პოეზიის საღამოები არ იმართება. ეს განპირობებულია ქართველების რაოდენობის სიმცირის გამო. როგორც ვიცი, დიდ ქალაქებში ხშირად იმართება პოეზიის საღამოები,მეც ვიყავი რამდენჯერმე მიწვეული, მაგრამ მანძილისა და სხვადასხვა მიზეზების გამო ყოველთვის ვერ ვახერხებ მონაწილეობის მიღებას.სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეგობრებმა ინგლისურ- ქართული წიგნის გამოცემა. წიგნში 11 ავტორი ირლანდიელია და 7 ავტორი ქართველი. წიგნს სიმბოლურად ,,ხიდი” დავარქვით. ამ წიგნით გვინდოდა ირლანდიელი პოეტები გაგვეცნო ქართველი მკითხველისათვის და პირიქით, ქართული პოეტები ირლანდიელი პოეტებისთვის.


საიდან გაჩნდა იდეა ლიტერატურული სალონი,, ნოსტალგია” დაგეარსებინათ?


- ლიტერატურული სალონის შექმნის იდეა, ბელგიაში დაიბადა, სადაც ჩემი ქალიშვილი, ნინო ბექაური ცხოვრობს. იმ პერიოდში, ის საკვირაო სკოლაში ქართველ ბავშვებს,ქართულ წერა- კითხვას ასწავლიდა და გვინდოდა სალონიც გაგვეხსნა. გვინდოდა იქ მყოფი ემიგრანტებისთვის სულიერი საზრდო მიგვეწოდებინა და ოდნავ მაინც შეგვემსუბუქებინა ემიგრანტული ცხოვრების სიმძიმე. მაგრამ ისე მოხდა, რომ სკოლა დაიხურა და ვეღარც სალონის გახსნა მოხერხდა. ამიტომ 2010 წელს, გადავწყვიტე სალონი თბილისში, ჩემს საკუთარ ბინაში გამეხსნა. იდეის განხორციელებაში მეგობრებიც დამეხმარნენ. სალონს სიმბოლურად,, ნოსტალგია” დავარქვი, რადგან სამშობლოდან შორს მყოფს, ყოველთვის აქვს უზომო მონატრება ყველაფერი მშობლიურისა. თავიდან ცოტა არ იყოს გამიჭირდა, რადგან ასეთი სალონები არ იყო და როდესაც სტუმრებს ვიწვევდი, ბევრი პირდაპირ უარს მეუბნებოდა. მიუხედავად სიძნელეებისა სალონმა ღირსეულად დაიმკვიდრა თავისი ადგილი ლიტერატურულ წრეებში. ჩემი საქართველოში ყოფნის პერიოდში, ხშირად იმართება ლიტერატურული საღამოები, შეხვედრები ცნობილ პოეტებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, მომღერლეთან,სკოლის მოსწავლეებს ვუწყობ შეხვედრებს მათთვის საყვარელ პოეტებთან თუ მწერლებთან. ასევე სალონის სახელით ვაწყობ საქველმოქმედო საღამოებსა და გასვლებს საზღვრისპირა სოფლებში. აქაც მეგობრები მეხმარებიან. მიგვყავს ექიმები, მიგვაქვს პროდუქტი,წამლები, მეორადი ტანსაცმელები. პანდემიის პერიოდში სალონი დროებით დაიხურა და წელს ისევ ამოქმედდება, რამდენიმე საღამო მაქვს დაგეგმილი, რომელსაც ივლისის თვიდან დავიწყებ.დღეს უკვე რამდენიმე ლიტერატურული სალონია უკვე გახსნილი, რაც ძალიან მახარებს. ვფიქრობ, სალონური საღამოები თავისი უშუალობით, სითბოთ, შინაური გარემოთი უფრო საინტერესო და მიმზიდველია. ავტორებიც თითქოს უფრო გახსნილები არიან და თავს თავისუფლად გრძნობენ. ამის თქმის საფუძველს, მათ მიერ შთაბეჭდილების წიგნში დატოვებული თბილი და სიყვარულით სავსე წერილები მაძლევს. უამრავი ადამიანი მიკავშირდება, სურთ ამ საღამოებზე დასწრება, მაგრამ, რადგან სალონი არცთუ ისეთი დიდი მოცულობისაა ყველა მსურველს ვერ იტევს. გეგმაში მაქვს მისი გაფართოება და მაშინ სტუმრებიც მეტი მეყოლება.

ლექსის წერის დროს მუზა თავისით მოდის?

- არ ვიცი, სხვები როგორ წერენ ლექსებს. ზოგი ამბობს ერთ ლექსზე ერთი თვე ვმუშაობო. ზოგი ამბობს ლექსს ვაკეთებო. ზოგი გონებაში ვამუშავებ და მერე გადამაქვს ქაღალდზეო. ზოგისგან მომისმენია დღეში ხუთი და მეტი ლექსი შემიძლია დავწეროო...მე შეიძლება მთელი თვე ისე გავიდეს კალამი არ ავიღო ხელში. თუ რაღაცა არ მოხდა, რაღაცამ არ იმოქმედა, რაღაცამ არ ამაღელვა და არ მიკარნახა გონებამ, ისე ვერ დავწერ. მე ლექსს ემოცია მკარნახობს. ეს შეიძლება იყოს დიდი ტკივილი, დიდი სიხარული, აღტაცება, მონატრება თუ სინანული, ცრემლი თუ სიყვარული... შეიძლება ხიდან ფოთოლი ისე ლამაზად ჩამოსრიალდეს და ისე დაგამახსოვრდეს, ბოლოს ლექსის დაწერით დაგვირგვინდეს. კლდეზე ამოსულმა პაწაწინა ყვავილმა სული ამიფორიაქოს და ლექსად გადმოიღვაროს...ამეკვიატება რაღაც და მოსვენებას არ მაძლევს. ვერ ვიძინებ. უკვე ვხვდები რომ გონებაში მწიფდება რაღაც ახალი. უმეტესად ღამე ვწერ. მიყვარს როცა ირგვლივ სიჩუმეა და მარტო ხარ შენს მუზასთან და კალამთან. ამიტომ ბალიშის ქვეშ სულ მიდევს ფანქარი და პატარა წიგნაკი...ხშირად ტრანსპორტშიც, ფიქრს აყოლილს, უცბად ამომიღია ტელეფონი და იმ ხმაურშიც დაბადებულა ლექსი. ფანჯრის რაფაზეც დამიწერია და მუხლზე დაჩოქილსაც მქონია ლექსის წერის ბედნიერება. განსაკუთრებით ბუნებაში მიყვარს ყოფნა. თითქოს სულ სხვა ენაზე გესაუბრება ბუნება. განმარტოვდები, ჩაუღრმავდები და თითქოს სუფთავდები...დიახ, ბედნიერებაა, როცა სათქმელს ლექსად აკინძავ, გაასალაშინებ, გამოძერწავ და გაიტან მკითხველის სამსჯავროზე. იცით როგორი განცდა მაქვს, როცა ახალ ლექსს ვდებ? როგორც ახალი ფეხადგმული ბავშვისა გეშინია, რომ არ წაბორძიკდეს, არ წაიქცეს, არაფერი დაიშაოს.ვნერვიულობ, ვფიქრობ იმ გასავლელზე, რაც უნდა გაიაროს სანამ მკითხველის გულამდე მიაღწევს. ყოფილა შემთხვევა ადრე დაწერილ ლექსს, დღეს სხვა თვალით შევხედო და რაღაცა შევცვალო, მოვაკლო ან დავამატო. უზომოდ მიხარია, როდესაც უცხო ადგილზე, უცხო ადამიანი შენი ლექსით რომ მოგეფერება. მიყვარს ჩემი მკითხველი, ვკითხულობ მათ კომენტარებს, კრიტიკულსაც და სიყვარულით სავსესაც... ეს თითქოს უფრო მეტ სტიმულს გაძლევს. მე ვთვლი რომ ლექსი ავტორის სახეა, მისი შინაგანი სამყარო ლექსშია გადმოსული და ჩანს რითი სუნთქავ, როგორი ადამიანი ხარ. ამიტომ შენ შეიძლება დიდი პოეტი არ იყო, მაგრამ შენი დიდი ადამიანობით მკითხველს იმ დიდ პოეტზე მეტად უყვარდე. ყოველთვის ვამბობ და ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ პოეტი და საერთოდ, შემოქმედი ჯერ კარგი ადამიანი უნდა იყოს და მერე კარგი პოეტი, მწერალი თუ მხატვარი. ასე მგონია თუ სუფთა სული არა გაქვს სუფთა გრძნობასაც ვერ გადმოიტან ფურცელზე.

უყვართ თუ არა თქვენი ოჯახის წევრებს პოეზია?

- უყვართ თუ არა ჩემი ოჯახის წევრებს პოეზია? ორი შვილი მყავს.ორივეს განსხვავებული გემოვნება და ინტერესები აქვთ. ქალიშვილს უყვარს პოეზია, თვითონაც წერს ჩუმ ჩუმად. ძალიან ლამაზი და საინტერესო ხედვა აქვს. ჩემ დაწერილ ლექსებს ისე ლამაზად აფორმებს თავისი ნახატებით, რომ მკითხველებისგან წამოვიდა იდეა ამ ნახატიანი ლექსების წიგნად აკინძვისა. ვაჟს უფრო პროზა უყვარს ვიდრე პოეზია. სულ მეუბნება პროზაზე გადადი და მერე გავხდები შენი მკითხველიო... რაც შეეხება შვილიშვილებს, ხუთივე ემიგრაციაში დაიბადა და იზრდება. ყველა ღონეს ვხმარობ შევაყვარო და შევასწავლო ყველაფერი ქართული. თავისუფლად წერენ და კითხულობენ ქართულად. ასევე გამართულად საუბრობენ. საქართველოდან ხშირად მომაქვს საბავშვო წიგნები და ვცდილობ წავაკითხო. ზეპირად იციან რამდენიმე ლექსი. ცოტა რთულია ამ დატვირთულ გარემოში ამის გაკეთება, მაგრამ მაქსიმუმს ვცდილობთ.

ლექსი რომელიც პირველად დაწერეთ, გთხოვთ წაგვიკითხოთ

ჩემს ირგვლივ უცხო ხალხია,
სულ მთლად მარტო ვარ ეული,
სიკვდილიც აქ ჩამისაფრდა
თავს არ მანებებს წყეული.

ტანში ჩუმად რამ ჩამიჯდა,
გამხადა მძიმედ სნეული,
ჯანიც წამართვა, ხალისიც,
აღარც რიხი მაქვს ჩვეული.

სიკვდილო - ოხერ ტიალო,
აქ არ გამომკრა ცელია,
სამშობლო არ მინახია,
უკვე რამდენი წელია.

შორეთს არ მინდა სიკვდილი,
გულში მდის სისხლის ცრემლია,
მკვდარი წამიღონ აქედან,
ამაზე ფიქრიც ძნელია.

ღმერთო,სამშობლო მანახე,
დღე და ღამ ვნატრობ ამასა,
ჩემი სამშობლოს ჰაერი,
სჯობია ყველა წამალსა.

მაცალე სამშობლოს ნახვა,
მომნატრებია ძალიან,
დღისით მზის სხივმა გამათბოს,
ღამეს ვუმღერო მთვარიანს.

ნეტავ თუ შევძლებ ბავშვივით,
მშობელ მიწაზე სირბილსა,
უფალო,ერთს გთხოვ,მიშველე,
ჩემს თავს ნუ მისცემ სიკვდილსა.

მშობელ მიწას თუ ვემთხვევი,
ცას თუ ავხედავ მზიანსა,
ვეღარ დამჯაბნის სიკვდილი,
ვერ მომაყენებს ზიანსა.

მჯერა,სამშობლოს დანახვა,
მომცემს სიცოცლეს ახალსა,
აქ შენ დამჯაბნე სიკვდილო,
იქ მე ჩაგასობ ლახვარსა.


სამშობლოს სუნთქვა მომარჩენს,
სახეს მივუშვერ ნიავსა,
მინდვრის ყვავილებს ხელს მოვხვევ,
გულზე დავიყრი იასა.

მთაწმინდას შუბლზე ვემთხვევი,
სამებას ვუნთებ სანთელსა,
ჩოქვით ვილოცებ ,,ლომისას,,
და ჩუმად ვეტყვი სათქმელსა.

პირჯვარს გადვიწერ,თავს დავხრი
და საქართველოს ვუგალობ,
იქ დავიბადე, სიკვდილიც,
იქვე მაღირსე უფალო.

,,ვნატრობდი,გვერდით თუნდაც ერთი ადამიანი(ქართველი) მყოლოდა ისეთი, ვისთანაც ცრემლებს მაინც დავღვრიდი"



რთულია შემოქმედი ადამიანისთვის უცხოეთში ცხოვრება?


გააჩნია ვისთვის როგორ. ჩემთვის ნამდვილად რთულია. ალბათ ამიტომაცაა ჩემს უმეტეს ლექსებში სევდა და ტკივილი. უცხოეთში დამკვიდრება არაა იოლი. ამას გარკვეული დრო და დაუღალავი შრომა სჭირდება. ხშირად სულიერი სამყაროსთვის ადგილიც კი აღარ გრჩება. მახსოვს ირლანდიაში ახალ ჩამოსულს ყველა მიცნობდა ,,ქალი, რომელიც სულ ტირის”..... არ იცი ენა, არ იცნობ არავის, არ იცი იმ ქვეყნის კულტურა და წეს კანონები, ისეთი განცდაა,თითქოს მოწყვეტილი ხარ მთელ სამყაროს და შეყუჟული ხარ შენს თავში. აკვირდები ყველაფერს, ნელ ნელა სწავლობ, შინაურდები და მერე უკვე გადადიხარ რაღაცა ბარიერების იქით. ცდილობ შენც აუწყო ფეხი იქაურ ცხოვრებას.ჯერ კიდევ კარგად გათვითცნობიერებულიც არ მქონდა აქაურობა, რომ საავადმყოფოში მოვხვდი. ექიმებმა მცდარი დიაგნოზი,,სიმსივნე” დამისვეს. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა. იმ პერიოდში ქართველი ჩემს გარდა ამ ქალაქში არავინ იყო.იმ მძიმე დღეებში, სანამ ხელახალ გამოკვლევას ჩავიტარებდი, ვნატრობდი,გვერდით თუნდაც ერთი ადამიანი/ქართველი/ მყოლოდა ისეთი, ვისთანაც ცრემლებს მაინც დავღვრიდი და გულს მოვიოხებდი.
სახლში მოსულმა სხვა რომ ვერაფერი ვიღონე, კალამი მოვძებნე და მთელი ტკივილი ლექსში ,,სიკვდილო” გადავიტანე. ეს იყო ჩემი პირველი ლექსი ემიგრაციაში დაწერილი. ასე დაიწყო ჩემი ახლიდან დამეგობრება პოეზიასთან. შემდეგმა გამოკვლევამ აჩვენა რომ არავითარი სიმსივნე არ იყო. მერე იყო მძიმე მუშაობის წლები, იმდენად მძიმე, რომ ორივე ფეხზე პროტეზირება დამჭირდა.მაგრამ არაფერს არ ვნანობ. ის, რისი გულისთვისაც წამოვედი სამშობლოდან შევასრულე. ესაა მე მგონი მთავარი... დღეს თავისუფლად შემიძლია საქართველოში ჩამოსვლა, ლიტერატურულ საღამოებში თუ კონკურსებში მონაწილეობა. ვარ სამი წიგნის ავტორი, ვმუშაობ მეოთხე წიგნზე და აღარ ვგრძნობ თავს ისე ეულად, როგორც დასაწყისში.

რამდენად ხშირად იმართება უცხოეთში პოეზიის საღამოები?


- ქალაქ დუბლინში ასეთი ლიტერატურული საღამოები საკმაოდ ხშირად იმართება. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ელჩს, ბატონ გიორგი ზურაბაშვილსა და მის მოადგილეს,ქალბატონ ნათია კალანდიას.პანდემიის პერიოდშიც კი იმართებოდა ასეთი საღამოები,ოღონდ დისტანციურად. ერთერთი ჩემი პოეზიის საღამოც იყო.ახლაც ხშირად იმართება სხვადასხვა პოეტებთან შეხვედრებიც და სხვადასხვა სახის საღამოებიც. 17 ივნისს, საქართველოს საელჩო და სათვისტომო ერთობლივად აწყობენ სამი წიგნის წარდგინებას. ერთერთი სწორედ ჩვენი ორ ენოვანი,,ხიდია”...ასე რომ აქაც გვაქვს ჩვენი წილი პატარა საქართველო, რომელსაც დიდი გულით ვატარებთ ყველგან და სათუთად ვეფერებით...
კომენტარები