,,მთავარია პაციენტს მოექცე, ისე, როგორც შენ ისუვებდი, მოგქცეოდნენ ავადმყოფობის დროს"

,,მთავარია პაციენტს მოექცე, ისე, როგორც შენ ისუვებდი, მოგქცეოდნენ ავადმყოფობის დროს"
რატომ აირჩიეთ ექიმის პროფესია?

- ალბათ სხვანაირად წარმოუდგენელიც იქნებოდა, რადგან მთელი ჩემი ოჯახი, დედა, მამა, პაპა, ბაბუა, ბიძები, ბიძაშვილები, მერე უკვე მე და ჩემი დაც, ყველანი ექიმები გახლავართ. მოკლედ ამ პროფესიის სიყვარულს, დაბადებიდანვე ვეზიარე.

რა გასწავლათ ექიმის პროფესიამ?


- მოყვასზე ზრუნვა; თითოეული ადამიანი სატკივრის გათავისება; ის რომ, ექიმი აუცილებლად უნდა იყოს თავისი საქმის პროფესიონალი, თავდაუზოგავად უნდა იზრუნოს თითოეული პაციენტის ჯანმრთელობისთვის, მათი სიცოცხლი გადასარჩენად, მიუხედავად უამრავი საკუთარი პრობლემისა, არა აქვს მოდუნების და გულგრილობის უფლება და კიდევ ის, რომ ექიმი არის შუამავალი უფალსა და პაციენტს შორის;

2005 წელს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება მოგენიჭათ. რას ნიშნავდა ეს თქვენთვის? რა შეგრძნება დაგეუფლათ?

- პირველ რიგში ეს ნიშნავდა საკუთარ ძალებში დარწმუნებას, ვინაიდან დისერტაცია, რომელზეც 7 წელი ვმუშაობდი, რომელიც დავიცავი ალერგოლოგია-იმუნოლოგიაში, იყო აბსოლიტურად ახალი სიტყვა ამ მიმართულებით. მიხაროდა დისერტაციის დაცვის დროს ჩემზე თქმული უამრავი საქებარი სიტყვა, საქართველოს მედიცინის კორიფეების მხრიდან, ისეთებისა, როგორიც ბრძანდებოდა აკადემიკოსი - ვახტანგ ბოჭორიშვილი და სხვები. მიხაროდა, რომ ღირსეულად ვაგრძელებდი ოჯახის ტრადიციებს, ვინაიდან მამაჩემი - დიმიტრი ბეზარაშვილი, რომელიც დღევანდლამდე 86 წლის ასაკშიც მომქმედი ექიმია, იყო ალერგოლოგიური სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჩვენს ქვეყანაში. ყოველივე ამის გარდა ახალგაზრდა მედიკოსს უფრო მეტი პასუხისმგებლობაც მომეთხოვებოდა ამ აღიარების შემდეგ. სწორედ ამიტომ მუდმივად ვმუშაობ საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე და გახლავართ 53 სამეცნიერო შრომის ავტორიც.

ქველმოქმედება როგორ დაიწყეთ, რომ გაიხსენოთ თქვენი პირველი საქველმოქმედო ღონისძიება?

- გაჭირვებულის დახმარების და სხვებზე ზრუნვის გენეტიკური განწყობა ოჯახიდან მომყვება. ვარ ძირძველი თბილისელი, პლეხანოვზე დაბადებული, გაზრდილი ადამიანი, რომელელიც საკმაოდ შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა და მუდმივად მოწმე ვიყავი იმისა, როგორ ზრუნავდა ჩემი ოჯახი, სამეზობლოზე, ჩემს საყვარელ იტალიურ ეზოში მცხოვრებ თითოეულ წევრზე, რაიონიდან ჩამოსულ ყველა გაჭირვებულ ნათესავზე. მე კი ქველმოქმედების პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები სტუდენტობიდანვე დავიწყე. საკუთარი სახსრების შეგროვებით, მქონდა ფრიადოსნის სტიპენდია და დამატებით 50 მანეთი ყოველთვიურად, კომკავშირის ცეკადან, როგორც სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური სექტორის ხელმძღვანელს. ვყიდულობდი უამრავ ნივთებს, ჩასაცმელს, სათამაშოებს და ბავშვთა სახლის მობინადრეებთან მიმქონდა ძალიან ხშირად. მერე თანდათან მოხუცთა თავშესაფრებსაც ვსტუმრობდი ხელდამშვენებული. შემდეგ უკვე დავიწყე საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარება, ჩემი მეგობრების, ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, საიდანაც შემოსული თანხა ერთად მიგვქონდა ყველაზე მეტად გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად;
ერთად ვაკეთებდით სიკეთეს, ერთმანეთის სულის გადასარჩენად. შემდეგ უკვე დონორი ორგანიზაციებიდან, ასევე მეგობრების ხელშეწყობით, მართლა არნახული მადლის კეთებას მახერხებინებდა უფალი.
,,მთავარია პაციენტს მოექცე, ისე, როგორც შენ ისუვებდი, მოგქცეოდნენ ავადმყოფობის დროს"


ბევრმა ადამიანმა დაკარგა ნდობა ექიმის მიმართ, როგორ ფიქრობთ რატომ?

- ნამდვილად არ ვიცი. მითუმეტეს ეხლა, როცა უკანასკნელი 2 წელია აბსოლიტურად უანგაროდ, ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან ასიათასობით ადამიანის სიცოცხლი გადასარჩენად, ადამიანი დაუნახავი უნდა იყო, რომ არ დააფასო თითოეული მედპერსონალის თავგანწირვა. არ მეგგულება ისეთი ექიმი, რომელსაც უნდოდეს, რომ თავისი ნამკურნალე პაციენტი დამძიმდეს, ან ვინმე უკმაყოფილო ყავდეს. სამწუხაროდ ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ვისურვებდით, რომ დამთავრებულიყო.

როგორ შეიქმნა დასაქმების სააგენტო, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით?

- 2006 წლიდან მომიწია აჭარაში ჯანდაცვის სამინისტროში მოღვაწეობა. იმ დროინდელმა ხელმძღვანელობამ, ნახა რა ევროპული ქვეყნების უდიდესი გამოცდილება ამ მიმართულებით და ხედავდნენ ამ მიმართულების განვითარების აუცილებლობასაც ჩვენს ქვეყანაში, გადაწყვიტეს ამ სააგენტოს შექნა აჭარაში, რომლის შექმნაში და განვითარებაში, საკმაოდ დიდი წვლილი მაქვს შეტანილი, ჩემს გუნდთან და პოლონელ კოლეგებთან ერთად. 2011 წლიდან დაარსდა დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო აჭარაში, მის ექვსივე მუნიციპალიტეტში გაიხსნა შესაბამისი ოფისები. თქბილისში კი, მსგავსი სამსახური 2013 წელს იქნა ჩამოყალიბებული.

რა პარალელია ექიმსა და პაციენტის ურთიერთობაში?კარგი ექიმი კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს?

- ყოველთვის ვასწავლიდი ჩემს სტუდენტებს იმას, რომ მთავარია პაციენტს მოექცე, ისე, როგორც შენ ისუვებდი, მოგქცეოდნენ ავადმყოფობის დროს. აუცილებლად უნდა იგრძნოს პაციენტმა ექიმისგან მზრუნველობა, რათქმაუნდა შესაბამისი კვალიფიკაცია, ყურადღება და მისი სატკივრის შესახებ გაუთქმელობა. ანუ მათი პრობლემების მესაიდუმლეც ხდები. ექიმი ცოტა ფსიქოლოგიცაა, ცოტა მსახიობიც, ცოტა მეგობარიც, ეს ყველაფერი კი, აყალიბებს დადებით ურთიერთობას, ზრდის სანდოობის ხარისხს.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?


- წინასწარ არ მიყვარს არაფერზე საუბარი, თუმცა ერთი კი ვიცი, რომ მუდმივად ვმუშაობ საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მერე რა რომ ვარ პროფესორი, არ უნდა ჩამოვრჩე ყოველდღიურობას. ასევე მუდმივად ვზრუნავ დასაქმების ხელსეწყობის საკითხების განვითარებაზე ჩვენს ქვეყანაში. ამიერკავკასიის ექიმთა ლიგით, კი რომელიც ჩემმა დამ ბაია ბეზარაშვილმა დაარსა უკვე 7 წელია და სადაც მე ვიცე პრეზიდენტი გახლავართ უფლის წყალობით,გავაგრძელებთ ტრადიციულ საქმიანობას და კიდევ უფრო მეტ საქველმოქმედო ღონისძიებას ჩავატარებთ, უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. ასევე ერთი სული მაქვს დამთავრდეს საუკუნის პროექტის ,,კეთილსოფლის" პირველი კორპუსის მშენებლობა აჭარაში, რომელიც ჩემს მეგობრებთან ერთად დავიწყე და დღეს ღირსეულად უძღვება ამ ყველაფერს,- ნანა სარისვილი.
მთავარი გეგმა კი ისაა ჩემთვის, რომ უფალმა მომცეს იმისი შესაძლებლობა, რათა როგორც დღეს, ვიყო იმედი, როგორც ოჯახის წევრებისთვის, ასევე სხვა ბევრი ადამიანისთვის, რომელიც მე მომმართავს და მაქსიმალურად შევძლო მათი დახმარება.

ავტორი: თამარ ბარბაქაძე
კომენტარები
მსგავსი სიახლებეი
შემთხვევითი