კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საოპერო მომღერალი თამარ ივერი პერსონას ტიტულს მიიღებს

კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საოპერო მომღერალი თამარ ივერი პერსონას ტიტულს მიიღებს
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ მსოფლიო სოპრანო თამარ ივერს ,,პერსონა 2020" -ის ტიტულზე კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
მაას პროექტის ბორდის აბსოლიტურმა უმრავლესობამ, რომელიც შედგება 22 სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანისგან უპირობოდ დაუჭირა მხარი.
თამარ ივერმა დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1996 წელს.
1995–2000წწ. ბათუმის საოპერო თეატრის სოლისტი (ლირიული სოპრანო); მისი დებიუტი შედგა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მარეხის პარტიით (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"); 2000 წელს იყო ბონის (გერმანია), 2001 წლიდან გრაცის (ავსტრია) საოპერო თეატრების სოლისტი; 2001 წლიდან კონტრაქტით მუშაობს აგრეთვე ვენეციის თეატრ "ლა ფენიჩეში"; შესრულებული აქვს შემდეგი პარტიები: მარეხი, მარო (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), ქეთო (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), ელისაბედი, დეზდემონა, ლუკრეცია, ლეონორა, ლუიზა მილერი (ჯ. ვერდის "დონ კარლოსი", "ოტელო", "ორი ფოსკარი", "ტრუბადური", "ლუიზა მილერი"), ტატიანა, ლიზა (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"), მიმი, ლიუ, ანჟელიკა, ტოსკა (ჯ. პუჩინის "ბოჰემა", "ტურანდოტი", მოწყალების და ანჯელიკა", "ტოსკა"), ნედა (ლეონკავალოს "ჯამბაზები"), დონა ანა, ელექტრა, ვიტელია, (მოცარტის "დონ ჯოვანი", "იდომენეოსი", "ტიტეს გულმოწყალება"); გამოდის მსოფლიო საოპერო თეატრების სცენებზე: "ბერლინის ოპერა", ვენის "შტაატსოპერა", ინგლისის "კოვენტ გარდენი"; 2004 წელს შედგა მისი დებიუტი მეტროპოლიტენ ოპერაში (აშშ, მოცარტის "დონ ჯოვანი"); 2006–2008წწ. სეზონებში მისი დებიუტი შედგა აგრეთვე ჰიუსტონის დიდ საოპერო სცენაზე (შ. გუნოს "ფაუსტი"), არენა დი ვერონაში (იტალია, ჯ. პუჩინის "ბოჰემა"); შემდგომ წლებში, ვენის საოპერო თეატრის სცენაზე შეასრულა მრავალი პარტია; თანამშრომლობს დირიჟორებთან: ლორინ მააზელი, სერ კოლინ დევისი, დანიელ ბარენბოიმი, რიკარდო მუტი, ჯეიმს ლივაინი, ანტონიო პაპანო, დანიელ ორენი, ფაბიო ლუისი; 2014 წელს დააარსა ფონდი "უსაფრთხო საზოგადოება", რომელმაც პირველი საქველმოქმედო კონცერტი გამართა 2014 წლის დეკემბერში.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1999 - მოცარტის სახელობის საერთაშორისო კონკურსი(ზალცბურგი), "გრან პრი", I პრემია
1998 - საერთაშორისო კონკურსი "ვერდის ხმები", II პრემია, (ბუსეტო, იტალია)
ჰელპმანის პრესტიჟული პრემია(ავსტრალია)
მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
"შტაატსოპერა" ებერჰარდ ვეხტერის ჯილდო(ვენა), ტატიანას როლის სსაუკეთესო შესრულებისთვის
კომენტარები