შაბან მამედოვი პერსონას ტიტულს, ხელოვნებისა და შემოქმედებითი განვითარებისთვის მიიღებს

შაბან მამედოვი პერსონას ტიტულს, ხელოვნებისა და შემოქმედებითი განვითარებისთვის  მიიღებს
ახალგაზრდა მუსიკოსი, შაბან მამედოვი პერსონას ტიტულს ხელოვნებასა და შემოქმედებითი განვითარებისთვის მიიღებს. მას ასევე მიღებული აქვს საერთაშორისო გრანპრები. ამჟამად მუსიკალურ განათლებას იღებს ვოკალის ფაკულტეტზე, თბილისის მიქელაძის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში.
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ახალგაზრდა მუსიკოს შაბან მამედოვს ,,პერსონა 2020" -ის ტიტულზე ხელოვნებისა და შემოქმედებითი განვითარებისთვის. მისი ბიოგრაფია ასე გამოიყურება:
მე, შაბან მამედოვი დავიბადე 14 თებერვალს 2001 წელს, ქალაქ მარნეულში.
შაბან მამედოვი პერსონას ტიტულს, ხელოვნებისა და შემოქმედებითი განვითარებისთვის  მიიღებს

7 თვის ასაკში გამომივლინდა სისხლში სეფსისი, რამაც ექიმების არასწორი მკურნალობის ნიადაგზე, გამოიწვია ორივე თვალის მხედველობის დაქვეითება.
დღემდე მაქვს სამი ოპერაცია თვალზე გაკეთებული, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოა.
2008 წელს შევედი სსიპ ქალაქ თბილისის 202ე უსინათლო და მცირემხედველთა საჯარო სკოლაში, რომელიც დავამთავრე 2020 წელს.
ვფლობ ქართულ, აზერბაიჯანულ, თურქულ, ინგლისურ და რუსულ ენას.
ბავშვობიდან უპირატესობას ვანიჭებდი ხმოვან სათამაშოებს უსინათლოობის გამო, სწორედ ამიტომ, 5 წლის ასაკში მშობლებმა აღმომიჩინეს მუსიკის ნიჭი.
მახსოვს მამაჩემმა სათამაშო კლავიში მიყიდა, რომელის მეშვეობითაც ვცდილობდი ერთი მუსიკა ამეწყო სრულყოფილად, თუმცა არასაკმარისი მუსიკალური განათლების არქონა ამის საშუალებას არ მაძლევდა და ეს აწყობა მხოლოდ გართობით შემოიფარგლებოდა.
6 წლისას მიყიდეს ჩინური კლავიში, მაგრამ წინაზე ოდნავ დიდი და იმპროვიზირების, მუსიკისადმი დიდი ინტერესისა და ნიჭის გამო 7 წლის ასაკში პროფესიონალური კლავიში მიყიდეს და ჩემით დავიწყე მუსიკების შესრულება.
ამავე ასაკში შევედი მარნეულის კულტურის ცენტრში მუსიკის მასწავლებელთან, რომელმაც სმენა შემიმოწმა და გადაწყვიტა გამოვეყვანე კონცერტზე 2009 წელს.
სწორედ 2009 წელს გამოვედი პირველად აუდიტორიის წინაშე, რასაც მოყვა ჩემი მხრიდან უდიდესი ღელვა, ემოცია და ხალხის მხრიდან დიდი ოვაცია და სიყვარული.

დღემდე მარნეულის კულტურის ცენტრის სოლისტი ვარ ოფიციალურად.
თბილისის 202ე უსინათლო და მცირემხედველთა საჯარო სკოლაში სწავლისას, პარალელურად ვსწავლობდი თბილისის მეათე მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს განყოფილებაში, რომელიც წარჩინებით დავამთავრე.
2013 წელს ქალაქ ბათუმში ავიღე ჩემი პირველი საერთაშორისო გრან-პრი კონკურსში “ოქროს ნიჟარა”, სადაც შევასრულე სპეციალურად ჩემთვის დაწერილი სიმღერა მარიამ ლიკლიკაძის მიერ “მომენდე მე“.
კონკურსში საქართველოდან ჟიურის წევრი იყო ანრი ჯოხაძე. სწორედ ანრი ჯოხაძემ დამიწერა პირველი უმაღლესი ქულა 11.
ამავე წელს, მივიღე მიწვევა ბევრ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში, საიდანაც ავირჩიეთ ლატვიის ქალაქ რიგაში ჩატარებული ფესტივალ-კონკურსი, სადაც 37 ქვეყნიდან 100ზე მეტი მონაწილე ასპარეზობდა და ამ კონკურსიდან საქართველოში ჩამოვიტანე ჩემი მეორე გრან-პრი. ასევე გავიმარჯვე ორ ნომინაციაში პირველ და მესამე ადგილებში.
2014 წელს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ფარგლებში “მე ვხედავ მზეს” ჩავწერე პირველი დუეტი საქართველოს პოპ ვარსკვლავთან ნინი ბადურაშვილთან, რომელთანაც შევასრულე სიმღერა “მომენდე მე.
ამავე წელს ქალაქ მოსკოვში ჩატარებულ თეთრი ხელჯოხის ფესტივალში გამოვედი საქართველოს სახელით, სადაც ცნობილ პოპ ვარსკვლავთან ერთად “მარია დევიატოვა” შევასრულე “ჯილველო”.
2015 წელს თურქეთში ქალაქ სტანბოლში ჩატარდა საბავშვო თურქვიზია საერთაშორისო ფორმატით, სადაც საქართველო, მთელი კონკურსის ისტორიაში, პირველად გავიდა საპრიზო ადგილას და გავხდი მესამე ადგილის მფლობელი.
2016 წელს ქობულეთში ჩატარებულ ფესტივალ-კონკურსში “ნარინჯისფერი ქობულეთი” მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალურ-ინსტრუმენტალური ბენდით, რომელშიც ვარ სოლო კლავიშნიკი, ავიღეთ გრან-პრი.
2017 წელს ქალაქ რუსთავში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში “მზე ხელის გულზე” გავიმარჯვე ნომინაციაში “მაყურებლების სიმპატია”.
2018 წელს უკრაინელების მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში “Tamila Golden Fest” ავიღე მესამე საერთაშორისო გრან-პრი. ამავე წელს უკრაინის ქალაქ ხარკოვში ჩატარებულ ფესტივალ-კონკურსში “უკრაინა აერთიანებს მეგობრებს”, ასევე ვოკალურ ინსტრუმენტალურ ბენდთან, ავიღეთ მეორე საერთაშორისო გრან-პრი.

ამავე წლის ნოემბერში საქართველოში პირველი შშმ პირთა ცეკვის, ხელოვნებისა და მუსიკის ფესტივალ-კონკურსში “ივერია ბრილიანტი” ავიღე მეოთხე საერთაშორისო გრან-პრი. ამავე წელს უკრაინის ქალაქ ვინნიცაში ჩატარებულ ფესტივალ-კონკურსში “ოქროს ჩიტი” საქართველოს პირველი ადგილი ჩამოვუტანე. ამავე წლის ივნისს, საქართველოში ჩატარებულ ფესტივალ-კონკურსში “სხვა საქართველო სად არის” ავიღე მეხუთე საერთაშორისო გრან-პრი.
2020 წელს ფესტივალ-კონკურსში “ივერია ბრილიანტი” ავიღე მეექვსე საერთაშორისო გრან-პრი.
ფესტივალ-კონკურსების გარდა, სხვადასხვა ფესტივალებში, კონცერტებში და ტელეარხებში მქონია უამრავი გამოსვლა და ასევე მრავალი ტელეარხის პროექტის ფარგლებში გადაღებული გვაქვს ბევრი სიუჟეტი ჩემი ცხოვრების შესახებ. მაქვს 20ზე მეტი სტუდიური Cover, რომელიც ატვირთულია ჩემს YouTube არხზე.
ამჟამად მუსიკალურ განათლებას ვიღებ თბილისის მიქელაძის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში ვოკალის ფაკულტეტზე.
კომენტარები