,,გმირობა, ეს არის ბარიერი, რომლის გადალახვაც ყველას არ შეუძლია" - ვინ არის ახალგაზრდა მხატვარი, რომელმაც მედიკოსები საქართველოს რუკაზე გააერთიანა

,,გმირობა, ეს არის ბარიერი, რომლის გადალახვაც ყველას არ შეუძლია" - ვინ არის ახალგაზრდა მხატვარი, რომელმაც მედიკოსები საქართველოს რუკაზე გააერთიანა
მისთვის გმირობა ემოციური ბარიერია, ჩვენი რესპოდენტი ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვარი გიორგი მაისურაძეა. გადავწყვიტეთ მისი მცირედი შემოქმედება გაგაცნოთ

როდის დაინტერესდი ხატვით?
- წლინახევრის ვიყავი, როდესაც პირველი ავიღე ფანქარი ხელში და დავიწყე ჯღაპვნა, მის მერე განუყრელად ვართ.

შენთვის ხატვა რასთან ასოცირდება?
- ხატვა არის ემოციური ხიდი, რომელიც გვაკავშირებს ადამიანებს იმ სამყაროსთან, რომელშიც მომენტალურ სიამოვნებას ვიღებთ, მუქი, თუ ღია ტონები, ზოგჯერ ქაოსი, ზოგჯერ მელანქოლია, ჰავრს იყრი ხალხზე, ან პირიქით, ფურცელი, ტილო, საღებავები და კონცენტრაცია, ეს არის ის, რითაც შემოქმედი ცხოვრობს.

გმირობა როგორ გესმის?
- გმირობა, ეს არის ბარიერი, რომლის გადალახვაც ყველას არ შეუძლია. ეს ის მომენტია, როდესაც იწყებ ფიქრს რისი გაცემა შეგიძლია სხვის საკეთილდღეოდ. გმირობა ღრმა მცნებაა. სამშობლოს სიყვარული ერთერთი უდიდესი ნაბიჯია, ეს არის ნამდვილი გმირობა, რომელსაც ყველა ვერ გასწვდება. გაწირო ის რაც გიყვარს, იმისთვის რაც გიყვარს. რთულია ვისაუბროთ გმირობაზე სანამ თავად არ შევიგრძნობთ მის გემოს, ამისათვის კი აუცილებელია მორალის შემცნება.

,,გმირობა, ეს არის ბარიერი, რომლის გადალახვაც ყველას არ შეუძლია" - ვინ არის ახალგაზრდა მხატვარი, რომელმაც მედიკოსები საქართველოს რუკაზე გააერთიანა


სად გადის ზღვარი მხატვარსა და შემოქმედს შორის?
- ალბათ, პირველ რიგში, ყველა მხატვარი შემოქმედია, თუმცა ყველა ვინც ხატავს არ არის მხატვარი. შემოქმედი არის ადამიანი, რომელიც უფრო მეტად გრძნობს თითოეულ დეტალს წუთისოფლისა, ფერმწერი და მწერალი, ორივე წერს და ორივეს ნამუშევარი იკითხება. ყველა შემოქმედი ჰქმნის იდეალს რომელიც ვიბრაციით გადმოიცემა და ამ ვიბრაციას ზოგი ყნოსვით, ზოგი შეხებით, ზოგი მოსმენით გრძნობს. არ არსებობს ადამიანი რომელიც არ უსმენს მუსიკას, ან არ უყვარს კითხვა, თუნდაც ნახატების დათვალიერება იმავე წიგნებსა თუ გალერიებში, ქანდაკებები, შენობები, გრანდიოზული, მაშტაბური კონცეფციები და მათი აზრობრივი განლაგებები.

ოცნება ნახატზე გადმოგიტანია?
- აღსარებაში წერია, რომ ოცნება ცოდვაა, თუმცა ყველანი ვართ მოკვდავები და ყველას გვინდა იყოს ისე, როგორც თითოეულ ჩვენგანს გვსურს. ნახატებში არასდროს მიცდია ჩემი ოცნებები გადმომეტანა, ასე ვთქვათ მე უფრო რეალურ საკითხებზე ვმსჯელობ.

რა მასალას იყენებ ხატვის დროს?
- ხატვისას ხშირად მიჩნდება სურვილი დავხატო ზეთებით უზარმაზარ ტილოზე, თუმცაღა რეალური პირობების განხილვისას მივხვედრილვარ, რომ ხშირ შემთხვევაში არ მაქვს ეს მასალები, ამიტომაც ვრთავ ფანტაზიას, ვიღებ ყველაფერს რაც კი ოთახში მომეპოვება, ვიღებ ფურცლებს, თუ ფურცლები არ არის ვიღებ ძველ საბნებისა, თუ ბალიშების გადასაფარებლებს და ვიწყებ მუშაობას. ვცდილობ შევაზავო მასალები, ხშირად ზეთსა და სეპიას ვიყენებ, ცარცს, ფანქრებსა და ტუშებს, აკვარელს, ნახშირს, უბრალოდ წვიმის წყალიც ეფექტურია. მთავარია აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს, რადგან პროცესში არავინ არ ერევა და თუ ეს პროცესი ჯანსაღი არ არის აი მაშინ უკვე სხვა ეტაპზე გადავდივარ. ხშირ შემთხვევაში განმარტოების გზებს ვეძებ.



რატომ გადაწყვიტე ექიმის საქართველოს რუკაში დახატვა?
- დღევანდელი, უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე, ვიცი როგორი დატვირთულები არიან ექიმები. დიდი პატივისცემით და მხარდაჭერით თითოეულმა უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია და დავეხმაროთ ამ საქმეში. ქართველები მცირე ერი ვართ, უღრმესი პატივისცემის ნიშნად გადავწყვიტე პატარა სტიმულატორად გადამექცია ეს მცირე სცენა, როგორ იცავს და მხარში უდგას თითოეული ექიმი თავის თანამემამულესა თუ ემიგრანტს. ნამდვილი გმირობაა იყო შიშის ქვეშ იმისათვის, რომ გადაარჩინო თუნდაც ერთი ადამიანი და საამაყოა, რომ ჩვენთან ასეთი პროფესიონალები მუშაობენ, მადლობა მათ ასეთი ნაბიჯისთვის.



თავისუფალ დროს რითი ერთობი?
- ყველას მოგვეხსენება, რომ ჩემი ასაკის ხალხს უჭირს თავისუფალი დროის გამონახვა, სამუშაო, აქედან უნივერსიტეტი, თუმცა მე ისეთ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც საყვარელი საქმიანობისთვის ყოველთვის გამონახავს დროს. თავისუფალი დრო ეს არის საუკეთესო პერიოდი იმისათვის, რომ შეიმცნო შენი თავი. თავისუფალ დროს ვხატავ, ვძერწავ, ვწერ, მიყვარს ნოველების სტილში მცირე ისტორიების წერა, რომელშიც თვითონაც დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, ასევე მიყვარს ხმების ჩაწერე, მათ შემდეგ ვიყენებ მუსიკისათვის, რომელსაც როგორც მხატვრობს დიდ დროს ვუთმობ, 5წლის ასაკში შემიყვანეს ვიოლინოსა და ფორტეპიანოზე, მაქვს მუსიკალური განათლება და აქედან გამომდინარე ოთახში პატარა სტუდიაც მაქვს, რომლისთვისაც არ არსებობს განკუთვნილი დრო, მოდის მუზა ვჯდები და ვწერ, ვადევნებ თვალყურს სხვადასხვა მოვლენებს და ვცდილობ, რომ მცირე ნაბიჯებით გავხადო საქართველო იმ ხელოვნების მატარებლად, რომლის გახდასაც ბევრი საზოგადო მოღვაწე ცდილობდა ჩვენამდე. ნამდვილი თავისუფლება ეს არის შემოქმედი და ცარიელი ოთახი, სადაც ყველა ილუზია ნამდვილია და წარმოსახვის უნარი ამ ცარიელ ოტახს ავსებს დეტალებით. ბევრჯერ, ხატვისას შევჩერებულვარ და იმავე ემოციით გამიგრძელებია თუნდაც გიტარაზე დაკვრა, შემდგომ ამ ყველაფერს იმ ხალხთან განვიხილავ, რომელსაც ასევე ვთვლი წრეში, რომელშიც ახალგაზრდა მწერლები, მომღერლები, მოქანდაკეები და ერთი სიტყვით რომ აღვწერო იმპროვიზატორები. ოსტატები, რომლებიც ჯანსაღ პროცესს მიიჩნევენ შემოქმედებად და არა პოპულარობის მოპოვების წყაროდ. ცხოვრება მცირე თეატრია, რომელშიც თითოეული ჩვენგანი მსახიობია, ყველას აქვს თავისი გაწერილი როლი რომელსაც სცენარისტი ჰყავს ერთი, თვით ღმერთი, თუმცა ვართ იმპროვიზატორები, რომლებიც ამ სიუჟეტს ვცვლით რადგან ოსტატურად ვუმკლავდებით ჩვენივე საქმიანობას. თავისუფალი დროის მცნება ძალიან რთული გასაგებია, ზოგი უბრალოდ დასვენებას ეძახის თავისუფალ დროს, თუმცა ჩემ ცხოვრებაში იყო ადამიანი, რომელმაც შემაცვლევინა ხედვა არსისა. და ამიტომ ვფიქრობ, რომ თავისუფალი დრო ყველას წაგვადგება ჩვენივე თავის ამოცნობისათვის. ერთადერთი ჭეშმარიტი გზა არის ხელოვნება, ეს ის არის რაზეც ამოუწურავად ისაუბრებ.ჩემის აზრით, ახლანდელი დრო გვიწყობს ხელს გამოვძებნოთ თავისუფალი დრო და კანონის დარღვევას ცოტახანი კარანტინის პერიოდში შევიმცნოთ ჩვენი ეგო.

როგორია მხატვრის თვალით დანახული საქართველო?
- საქართველო, სამშობლო, დედა, რომელიც გამუდმებით შენთანაა. დღევანდელი საქართველო ძალიან მრავალფეროვანია. დღევანდელობა ანუ რეალობა ძალიან ლამაზია, თუმცა მე მაინც უკეთესი მინდა. ქვეყანა, რომელშიც ძალადობა არ იქნება განსახილველად აქტუალური თემა, რომელშიც ადამიანი ყურადღების მისაპყრობად არ მიმართავს ამაზრზენ საქმეებს. განათლება და სერიოზული დაფიქრება საქმიანობაზე ხელს შეგვიწყობს განვითარებაში. უნდა გვახსოვდეს წარსული, ვიცხოვროთ აწმყოთი და ვიფიქროთ მომავალზე. ფიროსმანივით ცხოვრების დასრულება არავის ეგულება, ხოდა ყველამ უნდა გავაკეთოთ საყვარელი საქმე, რა თქმა უნდა შემოსავალიც ამავდროულად იქნება. ეს ეპოქაა სადაც შეგვიძლია ბევრს მივაღწიოთ თუმცა დიდი ბარიერებია ყველასთვის, ამიტომ უნდა შევძლოთ და გადავლახოთ.



გამოფენაზე არ გიფიქრია? ამჭამად რამდენი ნამუშევარი გაქვს?
- გამოფენებზე როგორ არ მიფიქრია, თუმცა ამ ყველაფერს გამბედაობა და დაინტერესებული პირები სჭირდება, რაც სამწუხაროდ ჯერ არარის, თუმცა სამომავლოდ ველოდები. გავიხსენებდი პიველ ნაბიჯს გამოფენისა. ეს იყო ის მომენტი როდესაც ყველანი დავუდექით კალოს და მასთან ერთად ვებრძოდით ძლიერ სენს, სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით მასთან ამ სენის დამარცხება, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ გამოფენა, რომელიც ჩატარდა, რომელშიც ბევრმა ჩემმა თანაუნივერსიტეტელმა მიიღო მონაწილეობა და რომლითაც ჩვენი ძალა და ერთობა დაგვანახა საკმაოდ დიდი ნაბიჯი იყო. ასეთი ცუდი ვითარებები არ არის საჭირო შემოქმედების შესაყრელად, თუმცა ამან დაგვანახა რომ მცირენი არ ვართ და ყველამ უნდა ვიმუსავოთ ჩვენ თავზე. რაც შეეხება ჩემს ნახატებს, უამრავი ფურცელი თუ ტილო მიდევს სახლში ყველა ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ამ სამი კვირის მანძილზე სახლში უქმად არ ვიჯექი და 100მდე სრულფასოვანი ნახატი გავაკეთე, თუმცა ყველა ნახატი ემოციებთან ძლიერ კავშირშია და ნამდვილი შემოქმედი ნახატის გამოფენაზე გატანისას უფრთხილდება მას, როგორც საკუთარ შვილს. როდესაც გამოფენაზე ნამუშევრის გაყიდვის მომენტია, გელაპარაკებიან და გეკითხებიან თუ რა შინაარსი დევს ან რა მასალაა, გიჩნდება ორი დამოუკიდებელი გრძნობა. თან გინდა რომ ეს ნამუშევარი სხვამაც გაიზიაროს თუმცა მჭიდრო კავშირი არ გაძლევს საშუალებას შენი კედელი დააცარიელოს და სხვისი გაავსოს. ეს ყველაფერი მომენტალურია და ამიტომაც ხელოვანი ხალხი ერთადერთს არ ჰქმნის სურვილების დასაკმაყოფილებლად.

ავტორი: გურამ არუთინაშვილი
კომენტარები